ტყვეების/დაკავებულების მოვლა
1949 წლის მესამე ჟენევის კონვენცია სპეციალურად აწესრიგებს სამხედრო ტყვეების მოვლას. ის ავალდებულებს სამხედრო ტყვეების დამკავებლებს, მოეპყრან მათ ღირსებითა და ადამიანურად და უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე. ამ კონვენციის 29-32-ე მუხლები ეხება სამედიცინო დახმარებას, სამედიცინო შემოწმებებსა და სამედიცინო მოვალეობის შემსრულებელ ტყვეებს. 33-ე მუხლი ეხება შესაბამისი პერსონალის, მათ შორის სამხედრო ტყვეების მოსავლელად დატოვებული სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და მოვალეობებს. გარდა ამისა, არსებობს გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 1987 წელს შევიდა
სამწუხაროდ, ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტყვეებს ამ დებულებების შესაბამისად შეიძლება არ მოეპყრან. ეს შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალის არაეთიკურ ქცევასაც. ალბათ ასეთი პრაქტიკის ყველაზე ცუდი მაგალითებია ნაცისტური რეჟიმის ზედამხედველობით გერმანიაში და იაპონიის არმიის 731-ე რაზმის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეებზე ჩატარებული ექსპერიმენტები. არსებობს ტყვეების არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მონაცემები ე.წ. განმათავისუფლებელი ომების დროს მიმდინარე ანტისაამბოხო ოპერაციებში, როგორიცაა მალაიაში, კენიაში, ადენში, ალჟირში, ვიეტნამში, ბელგიურ კონგოში. უფრო ახლახან ტყვეების არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მონაცემები გამოჩნდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბალკანეთის ომებში, ერაყსა და ავღანეთში. აქ შედის სამედიცინო პერსონალისა და ფსიქოლოგების ჩართულობა „დაკითხვისთვის ვარგისიანობის“ შეფასებასა და ტყვეების მორალის მოსადრეკად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტექნიკის შესახებ რჩევებში. კონკრეტული მაგალითებია: ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მიერ ტყვეების მიმართ ძალადობა ერაყის აბუ-ღრაიბის ციხეში, Baha Mousa-ს საქმე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებს ეხება, კანადის ძალების მიერ ავღანელი დაკავებულების ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემა და ავღანელი დაკავებულების მკვლელობა ავსტრალიის სპეციალური ძალების მიერ.
ამ მოვლენების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ გამოსცა სპეციალური მითითებები სამხედრო ტყვეებთან და დაკავებულებთან მოპყრობის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან შესაბამისობა. სამხედრო და სამხედრო სამედიცინო პერსონალმა უნდა გააცნობიეროს თავისი სამართლებრივი და ეთიკური მოვალეობები სამხედრო ტყვეების მოვლის მიმართ. მათ ასევე უნდა გაიგონ განსხვავება სამხედრო ტყვეს (რომელსაც ჟენევის კონვენციები იცავს) და დაკავებულს ან სხვა ტერმინით აღნიშნულ პირს შორის, ვისაც ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლება აქვს აღკვეთილი.